ბლოგი, განათლება

სკოლა – დაკარგული პოტენციალის სივრცე

სკოლა

თუ ქვეყნის მომავლის ხარისხი გაინტერესებს, შეიხედე მის სკოლებში. დღეს, საქართველოს სკოლებში და საკლასო ოთახებში იწერება ჩვენი ხვალინდელი დღის ისტორია. მაგრამ როგორია ეს ისტორია?

ჩვენ არ ვაპირებთ ზოგადი ლოზუნგებით საუბარს. მოდით, პირდაპირ და გულწრფელად დავსვათ დიაგნოზი იმ პრობლემების, რომლებსაც ყველა ჩვენგანი ხედავს და გრძნობს.

დღეს ქართული სკოლა ხშირად გადარჩენისთვის ბრძოლის არენაა და არა განვითარების სივრცე.

  • პრობლემა #1: მშიერი ბავშვი ვერ ისწავლის. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი გაკვეთილებზე მშიერი ზის. მშიერ ბავშვს არც ფიზიკის ფორმულებისთვის სცალია და არც ლიტერატურისთვის. სანამ ამ საბაზისო პრობლემას არ მოვაგვარებთ, ნებისმიერი საუბარი განათლების ხარისხზე ფარისევლობაა. უფასო კვების პროგრამა სკოლებში არ არის ფუფუნება, ეს არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს მომავალში.

  • პრობლემა #2: სკოლა, რომელიც მხოლოდ მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ექიმებს და სხვას ზრდის. ჩვენი სისტემა ორიენტირებულია გამოცდებზე და არა უნარების განვითარებაზე. ის ვერ აძლევს ბავშვს საშუალებას, აღმოაჩინოს საკუთარი თავი. ყველა ვერ იქნება მათემატიკოსი ან ექიმი. სად არის სივრცე მომავალი ინჟინრებისთვის, ფერმერებისთვის, ხელოსნებისთვის, დიზაინერებისთვის? სკოლას სჭირდება მრავალფეროვანი წრეები, სახელოსნოები და სპორტული აქტივობები, რომლებიც ბავშვს პიროვნებად ჩამოაყალიბებს და არა მხოლოდ მოსიარულე ენციკლოპედიად. გვჭირდება სწავლის მეთოდების ცვლილება, მსფოლიო ვითარდება ახალ ეპოქაში ვართ საჭიორა ახალი საგნების დანერგვა სკოლაში.

  • პრობლემა #3: რეპეტიტორების ინსტიტუტი – სისტემის მარცხის აღიარება. ის ფაქტი, რომ მშობლების უმეტესობას რეპეტიტორებთან მიჰყავს შვილი, არის პირდაპირი დასტური იმისა, რომ სკოლა თავის ფუნქციას როგორც საჭიროა ისე ვერ ასრულებს. ეს ქმნის უთანასწორობას – ვისაც ფული აქვს, უკეთეს განათლებას იღებს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს სკოლა, რომელიც საკმარისია ყველასთვის.

მასწავლებელი – დაუფასებელი პროფესია

არც ერთი რეფორმა არ იმუშავებს, თუ ის არ დაეფუძნება მოტივირებულ, დაფასებულ და ძლიერ მასწავლებელს.

  • პრობლემა #4: პროფესია, რომელიც პრესტიჟს კარგავს. დღეს მასწავლებლობა არ არის ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი პროფესია. დაბალი ანაზღაურება, უდიდესი სტრესი და საზოგადოების მხრიდან დაფასების ნაკლებობა კლავს მოტივაციას. როცა მასწავლებელი გადარჩენაზე ფიქრობს, მას აღარ რჩება ენერგია ინოვაციებისა და მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის. მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს კონკურენტული და მისი სტატუსი – ამაღლებული. ის ჩვენი ერის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია.